მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრებათ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი
მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრებათ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი

ის, რაც მოხდა, ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესრიგი ქვეყანაში და დემოკრატიული ინსტიტუტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შედეგი არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ მოქალაქეები დაზარალდნენ და ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი დგას.

პრემიერის თქმით, ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ჯგუფს.

„პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

„ამასთან ერთად, თითოეული ჩვენგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ერთი მხრივ, ჩვენ გაქვს სიტუაცია, როდესაც ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი ამ აგრესიას, ისინი იძულებული იყვნენ გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არსებობს ამავე დროს კადრებიც, სადაც ვსაუბრობთ, რომ გარკვეული პირების მხრიდან შეიძლება, ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერს სჭირდება დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება.

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარენტული გამოძიება. ეს პროცესი მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთდა და, რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრვი მოკვლევა და გამოძიება. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი, რასაც მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. აუცილებელია, ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ტრასფარენტულობა ამ პროცესის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.