მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფილოსოფია ყველა წარმატებულ ეკონომიკაში აპრობირებულია, ასე რომ არაფერი განსხვავებული არ შემოგვაქვს
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფილოსოფია ყველა წარმატებულ ეკონომიკაში აპრობირებული მეთოდია, ასე რომ საბაზრო ეკონომიკაში ამით არაფერი განსხვავებული არ შემოგვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ საფინანსო ინსტიტუტები პასუხისმგებლობას გაიაზრებენ, თუ ამ დრომდე, სესხის გაცემის დროს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დეფიციტი ჰქონდათ და მსესხებლის შემოსავლების სრულყოფილ შესწავლას არ ახდენდნენ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს ეროვნული ბანკის რეგულაციაა, რომლის მიხედვითაც, ბანკებს შემოსავლის ანალიზის გარეშე, თავიანთი კაპიტალის 25%-ზე მეტი სესხის გაცემა აეკრძალათ.
„ბანკების დიდი ნაწილი აღნიშნულ კოეფიციენტს აკმაყოფილებს და ორი-სამი ბანკია, რომელსაც თავისი პორტფელის დაბალანსება სჭირდება. აქედან გამომდინარე, საბანკო სისტემაში არის რესურსი, ასეთი ტიპის დაკრედიტება გაგრძელდეს, მაგრამ ის პასუხისმგებლიან რეჟიმში უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ჭარბვალიანობის იმ დონის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს და მისი გაზრდა მომავალში სერიოზული სისტემური რისკების გაჩენის ალბათობას გამოიწვევს, რასაც ფინანსური სექტორიც აცნობიერებს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესთან ძალიან ინტენსიური კონსულტაციები იქნება, განსაკუთრებით კი იმ მეწარმეებთან, რომლებსაც ეს რეგულაცია უშუალოდ შეეხება, მაგრამ რეფორმის აღსრულების თვალსაზრისით, იმ ფორმატზე, რაზეც შეთანხმება მოხდება, ფინანსთა სამინისტრო ძალიან პრინციპული იქნება და დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.