მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, როგორ აქტიურად არის საქართველო ჩართული ანტიტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებში
მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, როგორ აქტიურად არის საქართველო ჩართული ანტიტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიში მაღალპროფესიულ დონეზეა მომზადებული და ძალიან ინფორმაციულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად, რამდენად ადეკვატურად მოქმედებს სუს-ი.

პრემიერის თქმით, სუს-ის ანგარიშში ხაზგასმულია და აქცენტები სრულად არის დასმული გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ასევე პრევენციულ მექანიზმებზე.

„სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, თუ როგორ აქტიურად არის საქართველო ჩართული ანტიტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებში. როგორ ეფექტიანად მოქმედებს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენს მეგობრებთან ერთად. ეს იქნება სწორედ ადეკვატური რეაქცია იმაზე, თუ ვინმეს სურს რეალობაში მართლა გაერკვეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოში ერთგვარ სტანდარტად იქცა, რომ პოლიტიკური შეფასება აუცილებლად უნდა იყოს სუბიექტური.

„არის საკითხები, რომელზეც არსებობს სერიოზული კვლევები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების. სურათი არის ძალიან ნათელი და აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სუს-ის ყველა თანამშრომელს გადავუხადო მადლობა 24 საათიანი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, სწორი სამოქმედო გეგმით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.