მამუკა ბახტაძე - ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის საპასუხოდ, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით
მამუკა ბახტაძე - ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის საპასუხოდ, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით

დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც შერიგებასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„მიმდინარე ოკუპაციის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის საპასუხოდ, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით. ჩვენი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს ისეთ სამშვიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საქართველომ ცალმხრივად დაადასტურა თავისი ერთგულება ძალის არგამოყენებისადმი.  მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი