მამუკა ბახტაძე - ოკუპაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება და ეს ასე უნდა გაგრძელდეს  
მამუკა ბახტაძე - ოკუპაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება და ეს ასე უნდა გაგრძელდეს  

ოკუპაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება და ეს ასე უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის წამყვანის, თამთა სანიკიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

„ვითარება გამწვავდა საოკუპაციო ხაზთან, ვნახეთ გუგუტიანთკარში ახალი მავთულხლართები, ვნახეთ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები, ამ პროვოკაციული ქმედებების ფონზე ფიქრობთ, თუ არა, რომ ხელისუფლების მხრიდან გასააქტიურებელია ნაბიჯები, რათა ოკუპაციის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. უნდა გააქტიურდეს თუ არა მმართველი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე“, – ჰკითხა თამთა სანიკიძემ მამუკა ბახტაძეს.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო დღეებში მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან იმის დასტურია, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

„არათუ ასე ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება, ერთადერთი სწორი გზა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და ის განცხადებები, მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები, რაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი მეგობრებისგან, ამის ნათელი დასტურია. ეს ასეა და ასე უნდა გაგრძელდეს, ეს არის ვალდებულება საქართველოს მთავრობის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.