მამუკა ბახტაძე - ნუ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანენ
მამუკა ბახტაძე - ნუ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანენ

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ მირზა სუბელიანი თავის დაკავებას სახელმწიფოსთან და შს მინისტრთან შეთანხმებულ ფაქტს უწოდებს.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტების აღრევასთან. ძალიან კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახი კახიშვილმა ამ საკითხზე განცხადებაც გააკეთა, რომ მას ფიზიკურადაც არ ჰქონია ინტერაქცია ამ ადამიანთან. შესაბამისად, მისი საუბრისა და მის მიერ დასახელებული ფაქტების უმრავლესობაში არის ილუზია.

მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ, რომ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმაში, რომ შექმნან გარკვეული მოლოდინი, არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. პირდაპირ მინდა განვაცხადო, ნუ აქვთ ამის ილუზია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ადამიანების გარკვეულ ნაწილს რეალობის მოდელირება ჰობად ექცა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში იმ სტანდარტით, საითკენაც თითოეული ჩვენგანი მივისწრაფით, ევროპული ოჯახისკენ და კანონების დაცვით ჩავატარებთ ამ არჩევნებს.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, არჩევნების დღეს ქართველი ერი გააკეთებს თავის არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი იქნება ისეთი, რომელიც ემსახურება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული დანიშნულების მიზნებს, როგორიცაა საქართველოს ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაცია, ეკონომიკის განვითარება და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია პირადად მე, რომ წარსულს ჩავაბაროთ ის, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას. ეს არ შეეფერება იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არ არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს არის პიროვნული შეტევები, სრულიად დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა.

გვაქვს საკმაოდ სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რომელსაც ოპოზიციის ნაწილსაც ამოძრავებს. გვსურს საქართველოში ინსტიტუტების მშენებლობა და პოლიტიკის დეპერსონიფიკაცია. ინსტიტუტები უნდა განსაზღვრავდნენ სახელმწიფოებრიობის სიმძლავრეს და ისინი უნდა იყვნენ საქართველოში პასუხისმგებელნი დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ნუ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს ილუზია, რომ  საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანენ. არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან და სამართლიან გარემოში, სადაც მხოლოდ ქართველი ერი დააფიქსირებს არჩევანს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.