მამუკა ბახტაძე - ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით
მამუკა ბახტაძე - ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით

ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევა თავის მასპინძლობით, რისი ნათელი დასტურიც იყო დღევანდელი დღე.

წელს ორმა ერმა აღნიშნა უმნიშვნელოვანესი თარიღი თანამედროვე ისტორიაში – დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი. 100 წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინეს განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება.

რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს, სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი მილოცვა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის.

ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება. მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

„ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შემოდგომის ბოლოს საქართველო უმასპინძლებს მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც განიხილავს მნიშვნელოვან იდეებს, თუ როგორ შეიძლება ორი ქვეყნის ურთიერთობები ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს.

„ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ამავე დროს მივესალმეთ,სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.