მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს, – ამის შესახებ ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტერ ვან მიერლომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და აღინიშნა FMO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.

„ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონულ როლს, მოწინავე პოზიციებს წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში და შესაძლებლობებს, რომლებსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ევროკავშირთან, რეგიონის ქვეყნებსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეშვეობით. აღინიშნა, რომ საქართველო არის კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, რაც მას მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, ასევე მხარი დაუჭიროს საქართველოში ალტერნატიული საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების განვითარებას, რათა კაპიტალზე წვდომა მაქსიმალურად გამარტივდეს.

საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს და ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

შეხვედრას ნიდერლანდების განვითარების ბანკის ინვესტიციების კოორდინატორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან-ვილემ ჰუკი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოს დაუმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრნენ.