მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი ქართველისთვის თავისი დიდგორი გრძელდება, ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის
მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი ქართველისთვის თავისი დიდგორი გრძელდება, ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის

დავით აღმაშენებელმა  ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდგორში განაცხადა, სადაც დიდგორობის   დღესასწაული აღინიშნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავით აღმაშენებელმა აჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის ჭეშმარიტება და სიმართლე, არ არსებობს ძალა, რომელიც დაგამარცხებს.

“დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა. ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო. დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენთვის მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი სიძლიერე, განვითარება არის ერთად დგომაში, ერთად ყოფნაში, საერთო მიზნის ქონაში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ მთავარ საწადელს, საწადელს, რომლითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს იყო მათი მთავარი ამოცანა – საქართველო ყოფილიყო ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა უწყებრივი მედლით – “დიდგორის ჯვრით” დაჯილდოება მიულოცა უფროს ლეიტენანტ ჩიქოვანს და კაპრალ ყოლბაიას და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ხარ გამორჩეული სამხედრო და ამ ჯილდოს დიდგორის ველზე იღებ.

პრემიერ-მინისტრმა „დიდგორობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, ასევე – დაესწრო კულტურულ და საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენებს.

დიდგორის ველზე პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.