მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაისისა და ივნისის მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.

„ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა.

ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება. ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება და ეს მოსაზრება ობიექტურია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. ბუნებრივია, მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანმა ეს დაადასტურა. მაქსიმალურად გახსნილი ვართ კომუნიკაციისთვის, ჩვენ ბიზნესს ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში. ხვალაც, ზეგაც იქნება ამის შესახებ საუბარი. ადგილი აქვს პრობლემას – შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.