მამუკა ბახტაძე - ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები
მამუკა ბახტაძე - ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები

ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.

პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი.

„ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორ-ნახევარჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები.

„ამ პროცესში ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, „იუესეიდი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა დონორი, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.