მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ქვეყნის ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტის კონსტრუქციული ხედვები ექნება
მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ქვეყნის ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტის კონსტრუქციული ხედვები ექნება

საქართველოში დღეს ჩვენ ზეპარტიული ამოცანები გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

პრემიერის თქმით, ის თავის გუნდთან ერთად მზად არის, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან ითანამშრომლოს, რომელთაც აღნიშნული ზეპარტიული ამოცანების გადასაწყვეტად კონკრეტული ხედვა ექნებათ.

“ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა – ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი და თანმიმდევრული განვითარება. ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოში ზეპარტიული ამოცანები, როგორი არის: ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. შესაბამისად, მე ისევე, როგორც ჩემი გუნდი მზად ვარ,  ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება კონკრეტული იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ, ჩვენ როგორც ქვეყანამ, უპირველეს ყოვლისა, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობის შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამდროვე სახელმწიფოს, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების რეალურ შესაძლებლობას, იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.