მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, პარლამენტთან ინტენსიური კომუნიკაციისა და დიალოგისთვის
ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ბუნებრივია, პარლამენტს უნდა ჰქონდეს ეფექტური კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც რეგლამენტში ცვლილებების კონტექსტში დაინტერესდა, მივა თუ არა ინტენსიურად პრემიერი პარლამენტში.
„დაგიდასტურებთ იმას, რაც განვაცხადე გუშინ. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ, ინტენსიური კომუნიკაციისთვის და დიალოგისთვის პარლამენტთან. ისიც განვაცხადე, რომ ეს დიალოგი უნდა აკმაყოფილებდეს საუკეთესო დემოკრატიულ, მიღებულ ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტს, ამას დღესაც გიდასტურებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება რეგლამენტის ცვლილებებს, პრემიერის თქმით, ეს პარლამენტის კომპეტენცია და დეპუტატების მსჯელობის საგანია.