მამუკა ბახტაძე - მთაწმინდაზე მეორე ტური არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი
მამუკა ბახტაძე - მთაწმინდაზე მეორე ტური არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი

მთაწმინდაზე გვაქვს მეორე ტური და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის ადამიანურად არის სამწუხარო, რომ შავგულიძე მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის.

„პოლიტიკის მიღმა ვამბობ – ეს ჩემთვის არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ამბავი. დანარჩენს ინტერპრეტაციას რას მისცემს „ნაციონალური მოძრაობა“, ან მის მიერ მართული მედია, ამას საზოგადოება კარგად აფასებს. როდესაც არჩევნების მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვის სურათი ნათელია – ერთ მხარეს იქნება ჩვენი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე. ამ ფაქტით მან გააკეთა თავისი არჩევანი, ახლა საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქტივობა სამწუხაროდ იყო ყველაზე დაბალი. აქედან დასკვნები ჩვენც უნდა გამოვიტანოთ და უნდა შევძლოთ, რომ მეორე ტურში აქტივობა იყოს მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებში მმართველი გუნდის შანსებს, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2020 წელს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მე მაქვს 100 პროცენტიანი მოლოდინი იმისა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და სწორედ იმ არჩევანის საფუძველზე დაკომპლექტდება პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. ამ საკითხს ბუნებრივია, ვუყურებ იმ გადასახედიდან, თუ რა გამოწვევებია ჩვენი ქვეყნის წინაშე. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – სიღარიბე და ოკუპაცია. შესაბამისად, ის პროგრამა, ის განვლილი გზა, რითაც წარდგება პოლიტიკური ძალა 2020 წელს, ეს უნდა იყოს სწორედ იმის ნიშანი, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს რესურსი და ხედვა, როგორ გაუმკლავდეს საქართველოს წინაშე არსებულ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებს – უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება, უზრუნველყოს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, 2020 წელს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.