მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომაზე განათლების სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივას წარადგენს
მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომაზე განათლების სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივას წარადგენს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების სისტემასთან დაკავშირებით მინისტრებს ახალ ინიციატივას გააცნობს.

საქმე ეხება განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც, 2022 წლიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი სწორედ განათლებაზე დაიხარჯება, მანამდე კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად ნახევარი პროცენტით გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დადებითად აფასებს.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც დავუტოვებთ, როგორც მომავალ პოლიტიკურ თაობას, ასევე ჩვენ საზოგადოებას. ეს იქნება ისეთივე გარდატეხა სისტემისთვის, როგორიც იყო თავის დროზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტიცია მოგვცემს საშუალებას, რომ გვქონდეს უფრო მეტი და უკეთესი ბაღები და სკოლები, კოლეჯები, უფრო მეტ მოსწავლეს მიეცეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, უფრო მეტ სტუდენტს დაფინანსების შესაძლებლობა და ჩვენს პედაგოგებს უკეთესი ანაზღაურება,”-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას განათლების სისტემის შესახებ ახალი ინიციატივა გააცნო. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების შემდეგ სახელმწიფო ყველაზე მეტ ფულს ბიუჯეტიდან განათლებაზე დახარჯავს.