მამუკა ბახტაძე - მთავრობა არასოდეს ჩაერევა სასამართლოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო დასრულდა
მამუკა ბახტაძე - მთავრობა არასოდეს ჩაერევა სასამართლოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო დასრულდა

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ თემის პრივატიზების მცდელობა მიუღებელია, რადგან ეს საერთო საზრუნავია.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად საერთო ჩართულობით უნდა დადგინდეს კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან შესაბამისი მოსამართლეები. ისიც ობიექტური გარემოებაა, რომ, სამწუხაროდ, მოსამართლეების შემცირებული რაოდენობა, ხშირად იწვევს საქმეების არადროულად დასრულებას და ამაზე იუსტიციის საბჭომაც ისაუბრა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის პოზიციას, მე, როგორც მოქალაქეს ნებისმიერ ადამიანზე მაქვს ჩემი შეხედულება, მაგრამ მინდა, გავიმეორო რაც ვთქვი რამდენიმე კვირის წინ – საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში. ეს დრო საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი რეკავდა სასამართლოში და „ალაგებდა“ ისე, როგორც მას სურდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის, განხორციელებული რეფორმა კი, წარმატებულად არის შეფასებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

„ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, ობიექტურ კრიტერიუმებთან და პროცედურების გაწერასთან დაკავშირებით,  სწორედ ის არის, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯის გადასადგმელად“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.