მამუკა ბახტაძე - მთავარი მიზანია, დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას, დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ
მამუკა ბახტაძე - მთავარი მიზანია, დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას, დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ

საქართველოს მიზანია ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ფრისტაილში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი საბაგიროების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ მე მივაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია, რომ გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანა და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ 2025 წლის ოლიმპიადას ახალგაზრდებში. ეს არის ძალიან ამბიციური განაცხადი. ეს იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, როგორც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, როგორც 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა, ემსახურება მთავარ მიზანს – რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველო ამას აუცილებლად შეძლებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ. საქართველო ამას იმსახურებს, ქართველი ერი ამას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირების მასპინძლობის შედეგად საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურით და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება.

დატოვე კომენტარი