მამუკა ბახტაძე - მსურს, დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი
მამუკა ბახტაძე - მსურს, დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი

კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი სახელწოდებით – „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ წყალტუბოში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემუშავებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„როდესაც ვსაუბრობთ თვითმმართველობის განვითარებასა და წინსვლაზე, ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, რეალური სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. უკვე გვაქვს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის მარტში მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაცხადებულ ხედვას, რაც გულისხმობს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციასა და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქე არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიას აქვს სამი მიმართულება – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„იცით, რომ ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პოლიტიკას და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, ჩვენი სოციალური პროგრამების ნაწილის გადამისამართება მოვახდინოთ სწორედ თვითმმართველობებზე. არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც რეალურად საზოგადოებას, ყველგან აწუხებს. კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. თითოეული ჩვენგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი ამ გზაზე. ძალიან ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ ერთობლივად და ბუნებრივია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ მომავალში არ გვექნება გამოწვევები და ბარიერები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.