მამუკა ბახტაძე - მსხვილი კომპანიები საქართველოში საქმიანობის განვითარებით არიან დაინტერესებული
მამუკა ბახტაძე - მსხვილი კომპანიები საქართველოში საქმიანობის განვითარებით არიან დაინტერესებული

საქართველოში საქმიანობის განვითარებით მსხვილი კომპანიები ძალიან არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსში განაცხადა.

მინისტრის თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„პირველი შეხვედრა გაიმართა კომპანია Wipro-სთან, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს სექტორი განვავითაროთ საქართველოში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამის საშუალებას გვაძლევს და მსგავსი კომპანიები ძალიან დაინტერესებული არიან საქართველოში განავითარონ საქმიანობა. უახლოეს მომავალში ველოდებით ამ კომპანიის ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ეხება საქართველოდან სერვისების ექსპორტს, განვითარდება და ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით,  მეორე შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს წამყვან ჰოლდინგურ კომპანია JSW Group-თან.

მამუკა ბახტაძის თქმით, JSW Group დაინტერესებულია საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით.

„უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, ზაფხულის შუაში, როდესაც დასრულდება ამ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ჩვენ გვეცოდინება საბოლოო შედეგი. საუბარია ძალიან მსხვილ ივესტიციაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.