მამუკა ბახტაძე - მოწადინებული ვართ, საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ამ მნიშვნელოვან იდეაში გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა
მამუკა ბახტაძე - მოწადინებული ვართ, საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ამ მნიშვნელოვან იდეაში გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„მაიკ პომპეო გახლავთ საქართველოს ერთგული მეგობარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ. შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს – ეკონომიკაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.