მამუკა ბახტაძე - მოვლენათა აგრესიული განვითარება პირველ რიგში იმ ქვეყნის ინტერესებშია, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს
მამუკა ბახტაძე - მოვლენათა აგრესიული განვითარება პირველ რიგში იმ ქვეყნის ინტერესებშია, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს

მოვლენათა აგრესიული განვითარება მხოლოდ იმ ძალების ინტერესებშია, რომელთაც სურთ, საზოგადოებაში არეულობის განცდა შემოიტანონ, პირველ რიგში, ქვეყნის, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღვანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს კითხვები დაუსვეს ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადებების და იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მოვლენათა აგრესიული განვითარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

„ეს შეიძლება შედიოდეს მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომელთაც სურთ შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებაში. პირველ რიგში, ქვეყნის, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები არის ერთმანეთის იდენტური. ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენ ამის დემონსტრირება არა ერთხელ გაგვიკეთებია, თუ დაგვჭირდა, კიდევ გავაკეთებთ. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე საკითხი. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც უყვარს სამშობლო, რომ მოეკიდოს ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ქვეყანას აქვს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, სიღარიბე და ოკუპაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ერის კონსოლიდაცია მიმართული იყოს ამ ორი ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევის დასაძლევად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.