მამუკა ბახტაძე - მოსახლეობა შემოსავლის უდიდეს ნაწილს პროცენტების მომსახურებაში არ უნდა იხდიდეს, ლარიზაცია დაგვეხმარება, რომ ეს ნიშნული საერთაშორისო პრაქტიკას კიდევ უფრო მივუახლოვოთ
მამუკა ბახტაძე - მოსახლეობა შემოსავლის უდიდეს ნაწილს პროცენტების მომსახურებაში არ უნდა იხდიდეს, ლარიზაცია დაგვეხმარება, რომ ეს ნიშნული საერთაშორისო პრაქტიკას კიდევ უფრო მივუახლოვოთ

​სამწუხაროდ, ამ სიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც სესხი რამდენიმე ადგილას აიღო, ჯანმრთელობის მიზნებისთვის და იცით, რომ ეს 2012 წლამდე ძალიან სამწუხარო პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს ადამიანები დაზარალებულთა კატეგორიაში არიან, კერძო მევახშეების უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მათ ე.წ. კერძო მევახშეებთან მოუწიათ ბინების ჩადება და შემდეგ ამ თანხების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათ შორის – ჯანმრთელობის მიზნებისთვის. ეს არის სწორედ ის მეორე კატეგორია, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეული და მძიმე პრობლემაა. ამ მოქალაქეებისთვის ცალკე რეესტრი არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სტატისტიკა, თუ როგორ ხდებოდა წლიდან-წლამდე ამ პრობლემის დაგროვება“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამ განცხადებით მამუკა ბახტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რით შეიძლება შეუმსუბუქდეთ ვალის ტვირთი ადამიანებს, რომლებმაც სესხის აღება ჯანდაცვის იმ სისტემიდან გამომდინარე მოუწიათ, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ძვირადღირებული ჯანდაცვისთვის სახლი ჩადეს და სესხი ვერ გადაიხადეს, ან, დღესაც იხდიან და მისი დაფარვა ძალიან უჭირთ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბუნებრივია, ამ ერთი ნაბიჯით, რომელიც მხოლოდ შავ სიას შეეხებოდა, მეორე პრობლემა ვერ გადაიჭრებოდა და ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას ხელისუფლება სამი კომპონენტის დარეგულირებით გეგმავს.

„პირველი კომპონენტი შავი სიის პრობლემის მოგვარებაა, მეორე კომპონენტი არის კერძო მევახშეების მიერ დაზარალებული მოქალაქეები და მესამე კომპონენტი ეს გახლავთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა თავის შემოსავლის უდიდეს ნაწილს პროცენტების მომსახურებაში არ უნდა იხდიდეს. ვფიქრობ, აქ სწორედ ლარიზაცია დაგვეხმარება იმისთვის, რომ სესხების მომსახურების ნიშნული საერთაშორისო ჯანსაღ პრაქტიკას კიდევ უფრო მივუახლოვოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დატოვე კომენტარი