მამუკა ბახტაძე - მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით
მამუკა ბახტაძე - მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით

თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან” შეხვედრისას განაცხადა.

“მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მესამე კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია.

ამავე მონაცემებით, 9 თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.