მამუკა ბახტაძე - ზღვისპირა ზოლის გარდა, ტურისტული პოტენციალის ათვისება მაღალმთიან აჭარაშიც მნიშვნელოვანია
მამუკა ბახტაძე - ზღვისპირა ზოლის გარდა, ტურისტული პოტენციალის ათვისება მაღალმთიან აჭარაშიც მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია, რომ წელს აჭარა ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება და მზად არის დიდი ტურისტული ნაკადის მისაღებად,  – ამის შესახებ ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული და ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას.

პრემიერის შეფასებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებით კომფორტს უქმნის როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყნის სტუმრებს.

„ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს. ეს კი, შექმნის წინაპირობას, რომ  მივიღოთ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა, მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღეიდან ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება.

„მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება“, – განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ აღნიშნული გზა  გაზრდის სატრანზიტო-სატრანსპორტო მიმოსვლას, მინიმუმ 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა.