მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობდეს თუნდაც მცირე კითხვის ნიშანი 20 ივნისის ღამეს მომხდარის გამოძიების პროცესზე
მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობდეს თუნდაც მცირე კითხვის ნიშანი 20 ივნისის ღამეს მომხდარის გამოძიების პროცესზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გრძელდება მცდელობა, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი ფაქტი მოინათლოს ისე, საქართველოს პარლამენტის შტურმით აღება, ეს არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა, თურმე არის ბოროტება, ჩვენ ამას არასდროს შევურიგდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშნები.

„მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას და მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. ამავე დროს, მივესალმები ამ პროცესში სახალო დამცველის აპარატის ჩართულობას. ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში არ არსებობდეს თუნდაც მცირე კითხვის ნიშანი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გამოძიებას აქვს თითოეული დეტალი, ნიუანსი გამოსაძიებელი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი კითხვები იქნება ყველა ადამიანთან. შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს. ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ ის მედიასთანაც აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვიყავით და ვართ მოწადინებული, გავცეთ კითხვებს პასუხები. პასუხები არის ძალიან კონკრეტული და ობიექტური, მაგრამ ამავე დროს არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულ საზოგადოებამდე მედიის დახმარებით, ეს კითხვები მივიდეს ობიექტურად და სამართლიანად ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ხდება ზოგიერთი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

„ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც იქნება კითხვები, ვისგანაც იქნება ინფორმაცია მისაღები, დარწმუნებული ვარ, პროკურატურაში დასვამენ და ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც აუცილებლად უნდა უპასუხოს – უპასუხებს, მით უმეტეს გიორგი, რომელმაც ამის მზადყოფნა არაერთხელ დააფიქსირა. მსურს გავიმეორო მთავარი, ეს კითხვები, რასაც თქვენ სვამთ, უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რადგან დღემდე გრძელდება მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ 20 ივნისის ღამე მომხდარი ფაქტი მოინათლოს ისე, თითქოს შტურმის მცდელობა და საქართველოს პარლამენტის შტურმით აღება, ეს არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა, თურმე არის ბოროტება. ჩვენ ამას არასდროს შევურიგდებით და არასდროს შეურიგდება ქართული საზოგადოება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. ამასთან ერთად გამოძიების პროცესში რა კითხვებიც იქნება, ყველაფერს გაეცემა პასუხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი