მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს
მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს

წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი, ​ანგელა მერკელი. ეს გახლავთ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.