მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში დადიანების სასახლეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფოთის და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება უნიკალური სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში, რომელიც გახდება გარანტი, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გახდება კონკურენტუნარიანი და ევროპული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა თავსებადობაზე ევროპასთან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ეკონომიკა დავაწიოთ ამას, ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა ჩვენ შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას და სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება. სწორედ ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის უნდა იყოს მთავარი ამოცანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სამეგრელოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით უნიკალური შესაძლებლობებია.
„გასულ წელს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ზიანი მოგვიტანა საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით სამეგრელოში. წელს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია და იმედია, წელს მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.