მამუკა ბახტაძე მისი ხელმოწერის გაყალბებაზე - სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში
მამუკა ბახტაძე მისი ხელმოწერის გაყალბებაზე - სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში

სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მისი ხელმოწერის გაყალბებას. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. ეს არის სრული უმსგავსობა, უპასუხისმგებლობა და სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ ამას შესაბამისი სახელი დავარქვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ) მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ . ამავე გაერთიანების წევრია „ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. ამასთან, თავის მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატი მაჭუტაძის პარტიამაც დაასახელა. სწორედ მის კანდიდატ მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა მამუკა ბახტაძის გვარი და გაყალბებული ხელმოწერა.

 

დატოვე კომენტარი