მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მინისტრობის რამდენიმე ახალი, საინტერესო კანდიდატისგან თანხმობა უკვე მიიღო
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მინისტრობის რამდენიმე ახალი, საინტერესო კანდიდატისგან თანხმობა უკვე მიიღო

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს უკვე მიღებული თანხმებობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას – დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იქნებიან თუ არა ახალი სახეები.

„საუბარია პროფესიულ წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ხედვა, რომ ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლითაც მოხდება ჩვენი ეკონომიკისა და ყველა სფეროს ტრანსფორმაცია“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, იმ გამოწვევებისთვის, რომელიც წინაშეც საქართველო დგას, არ არის საჭირო 11 სამინისტროზე მეტი და საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს იმ ინიციატივებს, რაც სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

„რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, დავასახელო კანდიდატები. მე რაც შემიძლია, ჩემი მხრიდან გითხრათ, არის ის, რომ კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“არის ერთიანი პოლიტიკური გუნდი და გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.

„სამინისტროს გაერთიანებები იქნება ორგანული, გავითვალისწინებთ ყველა სამინისტროს სპეციფიკას, რომელიც ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანეს მომენტებს – ეფექტურობას, მოქნილობას, ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.