მამუკა ბახტაძე - მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება
მამუკა ბახტაძე - მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება

მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება.

„ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. მოწადინებული ვართ, რომ შახტი ფუნქციონირებდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის  უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მამუკა ბახტაძემ მეშახტეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას „საპარტნიორო ფონდი” ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.

„არ შეიძლება, ქალაქი დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე. ტყიბულში არსებული ტექსტილის ტრადიციების გათვალისწინებით, „საპარტნიორო ფონდის” და ინვესტორის მოლაპარაკებების შედეგად, მომავალი წლიდან აქ დაიწყება ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც დამზადდება ქურთუკები და შემდეგ პროდუქცია ევროპაში გაიყიდება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელი გაჩნდება, მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ქალაქის უკეთ განვითარებაზე აისახება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ტყიბულში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის შეხვედრა მეშახტეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი