მამუკა ბახტაძე - მინდა, მივულოცო ქართული სპორტის ყველა ქომაგს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების საქართველოში ჩატარება
მამუკა ბახტაძე - მინდა, მივულოცო ქართული სპორტის ყველა ქომაგს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების საქართველოში ჩატარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების საქართველოში ჩატარება მიულოცა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს არის უზარმაზარი წარმატება და დიდი გამარჯვება ქართული კალათბურთისთვის.

ამასთან, მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა.

„ჩვენ ძალიან დიდხანს ვემზადებოდით და მინდა, მივულოცო ქართული სპორტის ყველა ქომაგს, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, 2021 წელს საქართველოში ჩატარდება ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები. ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი გამარჯვება ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად, ჩვენი სპორტისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. გახსოვთ ახალგაზრდული თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და 2021 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს – ევრობასკეტს. ეს არის უზარმაზარი წარმატება. ამასთან ერთად, სასიხარულოა, რომ ჩვენს ნაკრებს არ მოუწევს შესარჩევი ეტაპის გავლა და პირდაპირ მთავარ ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას. როგორც იცით, ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ. თითოეული დეტალი იქნა გაანალიზებული და შედეგიც დადგა. კიდევ ერთხელ მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს წარმატება და ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც აქტიურად იყო მასში ჩართული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა გუშინ დასახელდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.