მამუკა ბახტაძე - მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუღებელია განათლების ეროვნული იდეის გარშემო სპეკულაცია, მისი გადაქცევა ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად 
მამუკა ბახტაძე - მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუღებელია განათლების ეროვნული იდეის გარშემო სპეკულაცია, მისი გადაქცევა ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად 

ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას, ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა პედაგოგებს ეროვნული იდეის – განათლების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ.

„კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბური გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას.

ჩვენ შევძელით ერთი მხრივ, დაუჯერებელი მიზნის მიღწევა და მოგეხსენებათ, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს სწორედ განათლებაზე. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, თუმცა როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასე არ მოხდა.

„მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ ამ კანონპროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას – მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს იდეა თითოეულ მოქალაქეს უნდა აერთიანებდეს.

„შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.