მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ვგრძნობთ
მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ვგრძნობთ

ამერიკა არის დიდი სახელმწიფო სწორედ მისი ფასეულობებიდან და იდეალებიდან გამომდინარე. თქვენ არასდროს დაგიხევიათ უკან თქვენი ფასეულობებისთვის. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი იყო სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ადასტურებდა საქართველოს მხარდაჭერას.

„სულ რაღაც ერთ კვირაში გაიმართება ნატო-ს სამიტი, სადაც იმსჯელებენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გადავდგათ ჩვენ ერთობლივად, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დავაჩქაროთ. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მიმართულებით და ბუნებრივია, ამას ვერ შევძლებდით, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები. მინდა, ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა.

აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბედ რუდმა საპატიო სტუმრებს, მთავრობის წევრებსა და საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საელჩოები 5 ივლისს აწყობენ.

თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.

დატოვე კომენტარი