მამუკა ბახტაძე - მიხეილ სააკაშვილი იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა და თვითონაც სჯერა ეს ჭორები
მამუკა ბახტაძე - მიხეილ სააკაშვილი იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა და თვითონაც სჯერა ეს ჭორები

გარკვეული ჯგუფები ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინიციატივების და მის ირგვლივ დაწყებული დისკუსიების იაფფასიანი ჭორებით გადაფარვას შეეცადნენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივისას განაცხადა.

მინისტრს მოქალაქემ ფეისბუქ-ლაივის დროს შემდეგი კითხვა დაუსვა – „მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის სასიძო ხართ, რას იტყოდით ამაზე“.

მამუკა ბახტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა და უკვე თავადაც სჯერა ამ ჭორების.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არც ერთ შვილს არ იცნობს.

„ეს ადამიანი, გასაგებია, რომ საზოგადოებაში ეწევა სიცრუის, მე ვიტყოდი, იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ როგორც ჩანს, ამას იმდენად ინტენსიურად აკეთებს, რომ თვითონაც დაიჯერა უკვე ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ. დამრჩა განცდა, რომ გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ იაფფასიანი ჭორებით გადაეფარათ ის ინიციატივები, რაც ჩვენ გავაჟღერეთ და რამაც გამოიწვია დისკუსიები. საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა. მე ვფიქრობ, რომ ყველა კარგად უყურებს და აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.