მამუკა ბახტაძე - მესამე კვარტალში მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგდა და გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით
მამუკა ბახტაძე - მესამე კვარტალში მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგდა და გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით

მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის – გადასახადების შემცირება 1%-მდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საქართველომ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას.

„მცირე ბიზნესის შემოსავლები მესამე კვარტალში გაორმაგებულია და გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით. მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხის ინიციატორი მე გახლდით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი მართლაც არის უნიკალური. მინდა, ობიექტურად აღვნიშნო, იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებში და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად, აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70 ათასზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.