მამუკა ბახტაძე - მერკელს აქვს კარგი იუმორის გრძნობა, წითელ ხალიჩაზე მკითხა და თავადვე უპასუხა
მამუკა ბახტაძე - მერკელს აქვს კარგი იუმორის გრძნობა, წითელ ხალიჩაზე მკითხა და თავადვე უპასუხა

მერკელს აქვს კარგი იუმორის გრძნობა, წითელ ხალიჩაზე მკითხა და თავადვე უპასუხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელის გამგზავრებისას თბილისის აეროპორტში პრემიერისა და გერმანიის კანცლერის დიალოგის დეტალებით დაინტერესდნენ.

„სერიოზულად გიპასუხებთ – ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა. როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, თვითონ დამისვა ეს შეკითხვა, ვიცოდი თუ არა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის მარტივი უსაფრთხოების წესის ნაწილი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება. არ შეიძლება, იმ დროს ხალიჩა ან რაღაც იყოს, რომ გარკვეული უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს. ეს იყო და ეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, ოკუპაციაზე მერკელს ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი და ძალიან სწორი გზავნილი, არა მხოლოდ თავის საუბარში, არამედ თავისი გადაწყვეტილებით, როდესაც მივიდა მავთულხართებთან.

„მინდა, კიდევ გავიმეორო, როდესაც ჩამოდის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება საქართველოში, ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან, თავისი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და როდესაც ჩვენ ვხედავთ გერმანიის სრულ მხარდაჭერას ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფერზე.

კიდევ ერთხელ მსურს, ქალბატონ კანცლერს გადავუხადო დიდი მადლობა. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი. საქართველო და ზოგადად, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ავიდა ახალ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს ძალინ კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ჩვენი მეგობრები – მათ შორის, გერმანია აუცილებლად დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ეს მიზნები და ამოცანები იქნება მიღწეული ძალიან მოკლე ვადებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.