მამუკა ბახტაძე - მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს სამშობლო
მამუკა ბახტაძე - მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს სამშობლო

მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს სამშობლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა, სრულიად საქართველოს 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებულიც კი.

ბოლოს ის გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ზვიად გამსახურდიასთან ერთად კვლავ განაგრძო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა.