მამუკა ბახტაძე - მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია
მამუკა ბახტაძე - მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია

მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ოფიციალურად მან გახსნა.

პრემიერის თქმით, საქართველოს დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნამდვილად შეუძლია, იამაყოს სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რიგით 26-ე COMET კოლაბორაციის საერთაშირისო ვორქშოპს მასპინძლობს. საქართველოს დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნამდვილად შეუძლია, იამაყოს სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ დღესაც ქართველი მეცნიერები საერთაშორისო დონეზე იღებენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კვლევებში. სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო კოლაბორაციაში, სადაც ფუნდამენტური კვლევები მიმდინარეობს და თავმოყრილია თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები, რათა გადაიჭრას, როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერების ძირითადი პრობლემები.

საქართველოს მთავრობას მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა უზრუნველვყოთ.

ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი განათლება და მეცნიერებაა. ეს სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა იყოს და მას მინიმუმ ორნიშნა ციფრი ჰქონდეს. მოხარული ვარ, რომ ბევრი სტუმარი და მეგობარი ესწრება დღევანდელ შეხვედრას, მათ შორის, იაპონიიდანაც და იაპონიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა სწორედ მეცნიერება გახლავთ – ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც იაპონიაში ამ სექტორში ხორციელდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ორი წლის წინ მთავრობამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი დააფინანსა.

„პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ეს გამოყენებული იქნება სწორედ ექსპერიმენტის სისტემის შექმნისთვის. ჩემთვის, პირადად, ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოპი საქართველოში, თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება და მინდა, დარწმუნებული იყოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მოგილოცოთ საინტერესო ვორქშოპის დაწყება და წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.