მამუკა ბახტაძე - მე პასუხისმგებლობა მაქვს სამთავრობო გუნდის პროგრამაზე, ეს არის ჩვენი დანაპირები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ
მამუკა ბახტაძე - მე პასუხისმგებლობა მაქვს სამთავრობო გუნდის პროგრამაზე, ეს არის ჩვენი დანაპირები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური საინფორმაციო ველი და ყვითელი მიდგომები საკმაოდ ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც საკადრო ცვლილებებსა და პრემიერის თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხეს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამაზე ჭორები დიდი ხანია, არის და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მახსოვს, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად როცა დავინიშნე, მეორე დღიდან იყო ყოველთვის ჭორები და გაგრძელდა პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც. ამას შევეგუე და აღარ ვაპირებ ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას. სამწუხაროდ, საქართველოში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური საინფორმაციო ველი და ყვითელი მიდგომები საკმაოდ ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან. რას ვიზამთ, ეს ასეა“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ პრემიერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მისია არის განათლების რეფორმა და ვინაიდან შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია, ხომ არ ამოწურა თავისი მისია, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ განათლების რეფორმა არის ეროვნული იდეა მისი და თავისი გუნდისთვის.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პირადი მოტივაცია საჯარო პოლიტიკაში ყოფნის იყო, არის და იქნება, რომ მოვახდინოთ ამ ეროვნული იდეის რეალიზაცია. ღრად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, საქართველო გადავიდეს სისტემურ განვითარებაზე, ქვეყანამ არ იცხოვროს არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკური ძალები არ ცდილობდნენ, მოახდინონ თავიანთი რესურსის ინვესტიცვია მხოლოდ მომავალ არჩევნებში და იყვნენ ფოკუსირებულნი, ინვესტიცია მოახდინონ ქვეყნის მომავალში“, – აღნიშნა ბახტაძემ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი და მისი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ამას იზიარებს.

„იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ამას ძალიან მალე დაამტკიცებს, მაგრამ ამასთან ერთად, მე პასუხისმგებლობა მაქვს სამთავრობო გუნდის პროგრამაზე, რაც წარდგენილი იყო პარლამენტში და ეს არის ერთგვარი ხელშეკრულება ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენი დანაპირები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. პირველი ოთხი თვის შედეგების ფონზე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებით ამ პროგრამის შესრულებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.