მამუკა ბახტაძე - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა
მამუკა ბახტაძე - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა

მცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი ეკონომიკური მოდელის მთავარი პრიორიტეტი; მისი შემდგომი განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დაინერგა მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის – საკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება; 1%-იანი გადასახადის შემოღება (500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებში); საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების მასშტაბური ზრდა.

მამუკა ბახტაძე განცხადებაში ხაზს უსვამს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის როლს და აცხადებს, რომ ეს არის ის ორი ძირითადი სექტორი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, სხვაგვარად შეუძლებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და, მეორე მხრივ, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებითაც საქართველო 21-ე საუკუნეში გახდება მოწინავე ქვეყანა მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას, ისე ევროპული სტანდარტის რეგულაციებს გარემოზე და სოფლის მეურნეობაში ორგანული პროდუქტების წარმოებაზე აქცენტის გაკეთებას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.