მამუკა ბახტაძე - მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით
მამუკა ბახტაძე - მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით

საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე და ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ უნდა დაინერგოს სელექტიური კონტრაქტები, განვითარდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ჩამოყალიბდეს ეტალონური კლინიკები, დაინერგოს დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანების მეთოდი და განვითარდეს სადაზღვევო სისტემა.

მამუკა ბახტაძე ასევე განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის მნიშნელობას.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში (2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს), მაგრამ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე. ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო. მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში. ზემოაღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი შემადგენელი რეფორმის მიმართულებებით, განათლების რეფორმასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სტაბილური სამუშაო ადგილი, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად. 2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას“, – აცხადებს პრემიერი.