მამუკა ბახტაძე - მაისში საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას
მამუკა ბახტაძე - მაისში საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰიმსკერკმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკის შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს  მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და  ის პოზიტიური დინამიკა გააცნო, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან  ეკონომიკაში აღინიშნება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“  (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მსოფლიო ბანკში ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ გასულ წელს. გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, ველით, რომ მაღალი ალბათობით, მსოფლიო ბანკი და მასში შემავალი ორგანიზაციები გაზრდიან საქართველოსთვის დაფინანსებას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც განაგრძობს ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგზაო მაგისტრალების მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

შეხვედრა ვაშინგტონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.