მამუკა ბახტაძე - მაღალმთიანი აჭარის 11 ათასი აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს
მამუკა ბახტაძე - მაღალმთიანი აჭარის 11 ათასი აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. შუახევში, სოფელ ხიჭაურში გაზი სიმბოლურად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებთან ერთად აანთო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ბუნებრივი აირით 11 ათასი აბონენტი მომარაგდება. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი 2009“-მ განახორციელა.

„მოვრჩით ამ ისტორიული პროექტის პირველ ფაზას. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიული პროექტი დასრულდა წარმატებით, 11 ათას ოჯახს ზემო აჭარაში შესაძლებლობა ექნება ჰქონდეს ბუნებრივი აირი და ამავე დროს ვაანონსებთ, რომ დავიწყებთ, გაზიფიცირების მეორე ფაზას, რაც გულისხმობს გოდერძის უღელტეხილამდე გაზიფიცირებას. დამატებით 15 ათასი ოჯახი შეძლებს, რომ 2020 წლისთვის მიიღოს ბუნებრივი აირი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც, რაც შუახევის სოფელ ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს და დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპი ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.