მამუკა ბახტაძე - მადლობა ამერიკელ მეგობრებს ჯონ ბოლტონის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ფეიკნიუსზე პრინციპული განმარტებისთვის
საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების ნაწილში, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი, – ამ განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ე.წ. ფეიკნიუსს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება ყოვლად მიუღებელია.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ. ფეიკნიუსს, რომელიც მართლაც რომ ყოვლად მიუღებელია. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, რომელიც დგას ყველანაირ პარტიულ ინტერესზე მაღლა და მით უმეტეს, არჩევნებზე მაღლა და ა.შ. – ეს არის საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩემთვის ეს თემა მართლაც შეიძლება ძალიან ემოციური იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმრავლესობისთვისაც ეს ასევე ემოციურია, თუ რას კადრულობს ბევრი ოპონენტი. მსგავსი დეზინფორმაციით აავსეს მთელი ქსელი და მათ შორის მედიასაშუალებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ოპონენტები ცრუ ინფორმაციებით ცდილობენ ნეგატიური ილუზიის შექმნას.
„საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების ნაწილში, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი. შესაბამისად ამას ვერ ეღირსებიან ვერასდროს ის ძალები, რომლებიც ასეთი ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან მსგავსი ნეგატიური ილუზია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგებს განმარტებისთვის, რაც მათ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთეს.
„აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და კოლეგებს იმ ძალიან პრინციპული განმარტებისთვის, რაც მათ გააკეთეს ამ ფეიკნიუსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ მეთოდები, რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც, თუმცაღა, აქვე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამას ისინი ვერასდროს ეღირსებიან და ვერასდროს მიაღწევენ. ფუნდამენტი, რაც ჩვენ შევქმენით, ეს არის შეუქცევადი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.
საკითხს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს საელჩოც, სადაც განაცხადეს, რომ „ინფორმაცია, თითქოს, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი“.

