მამუკა ბახტაძე - მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში
მამუკა ბახტაძე - მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს სიტყვით გამოვიდა.

„მსურს, ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისთვის და პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.  მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისთვის და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განსაკუთრებით რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო  მომდევნო წლის გაზაფხულზე „თბილისის მშვიდობის ფორუმს“ უმასპინძლებს.

„ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში, ყველა ქვეყანას მივცეთ ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით. ერთი მხრივ, მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები  და მეორე მხრივ, გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.