მამუკა ბახტაძე - ლომბარდებისა და სხვა ფინანსური შუამავლების საქმიანობა გამჭვირვალე უნდა გახდეს
მამუკა ბახტაძე - ლომბარდებისა და სხვა ფინანსური შუამავლების საქმიანობა გამჭვირვალე უნდა გახდეს

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, ლომბარდებისა და სხვა შუამავლების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით ხშირად, ლომბარდები კრიმინალების მიერ გამოიყენება, ამიტომაც სფეროს გამჭვირვალობა აუცილებელია.

„ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებმა გონივრულ ვადაში უნდა დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეინახავს ინფორმაციას ლომბარდში ჩაბარებული ნივთის შესახებ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდება სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოხსენებული საქმიანობა.

მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.