მამუკა ბახტაძე ლიეტუვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
მამუკა ბახტაძე ლიეტუვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერს საულიუს სკვერნელს, სადაც განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების საკითხი იქნება.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საულიუს სკვერნელთან შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე ლიეტუვას პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტესთან გამართავს ოფიციალურ შეხვედრას. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, შემდეგ კი მამუკა ბახტაძე თაიგულით შეამკობს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჯარისკაცის, კაპიტანი დათიკო მაჭავარიანის საფლავს.

ვიზიტის ბოლოს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებთან.

ლიეტუვას რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 21 იანვარს სრულდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დავოსში გაემგზავრება.