მამუკა ბახტაძე - ლარიზაცია, პროცენტის შემცირება არის ერთადერთი სწორი გზა, რომ ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები ხელმისაწვდომი იყოს
მამუკა ბახტაძე - ლარიზაცია, პროცენტის შემცირება არის ერთადერთი სწორი გზა, რომ ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები ხელმისაწვდომი იყოს

საქართველო დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომლითაც ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, საბანკო რეგულაციების ფონზე ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა ბანკების ნაცვლად, შიდა განვადებების ხარჯზე ტექნიკის მაღაზიებსა და დეველოპერებში წარმოიქმნას, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციებზე საუბრისას, აუცილებელია მედლის ორივე მხარის განხილვა.

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებისას თითოეული რისკი გაანალიზებული იყო.

„მესმის, რომ ბიზნესი არის უფრო აქტიური, ამას მხოლოდ მივესალმები, ბიზნესი არ ითმენს და ასევე, არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომლითაც მას ვახორციელებთ. აქვე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად შარშან იყო,  როდესაც ჩვენ მესამე კვარტალში გვქონდა პროფიციტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ სექტორს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ძალიან დიდი წვლილი აქვს.  შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ სექტორს ჰქონდეს განვითარების ძლიერი საფუძვლები, ასევე არ იყოს რეგულაცია, რომელმაც შესაძლოა, ხარვეზი გამოიწვიოს.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, მამუკა ბახტაძის თქმით, ის მიესალმება რამდენიმე ბანკის გადაწყვეტილებას, ლარში ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ.

„რაც შეეხება დაფინანსებასა და იპოთეკურ სესხებს, მივესალმები, რომ რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და ლარში მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა – ლარიზაცია, პროცენტების შემცირება, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები. ეს არის სწორი გზა და ისეთი გზა, რომელიც არ შექმნის რისკებს ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ტექნიკის შიდა განვადებებს, პრემიერის თქმით, ეს საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით სამართლებრივად უნდა შეფასდეს.

„მივესალმები ყველაფერს, რაც მოქცეულია საკანონდებლო ჩარჩოში და იზიარებს სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. სადამდე მიგვიყვანა ამან, ყველას გვახსოვს, 600 000-დე ჩვენი მოქალაქე იყო „შავ სიაში“. ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის პოლიტიკას პროფესიონალები განსაზღვრავენ და ყველა რისკი შეფასებულია.

დატოვე კომენტარი