მამუკა ბახტაძე კორუფციაზე - თუ ვინმე გაბედავს და ხელი წაუცდება, დაკავებულთა სტატისტიკა გაიზრდება
მამუკა ბახტაძე კორუფციაზე - თუ ვინმე გაბედავს და ხელი წაუცდება, დაკავებულთა სტატისტიკა გაიზრდება

კორუფციასთან ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ერთი ღონისძიებით მთელი რისკი გააუქმო, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“, კორუფციასთან დაკავშირებით წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის ეფექტური მიდგომების გამოყენება და პრევენციებზე მუშაობა.

„რაც შეეხება კორუფციას და ანტიკორუფციულ საქმიანობას – როდესაც მოხდა ჩემი წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მე დავასახელე ის ხუთი პრინციპი, რის მიხედვითაც ჩვენ სამთავრობო პროგრამას შევქმნიდით და ერთ-ერთი მათგანი ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერება, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომების შეცვლა იყო. თქვენ მკითხეთ დაკავებულთა სტატისტიკაზე. თუ ვინმე გაბედავს და ხელი წაუცდება, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. წარმატებული ქვეყნების გამოცდილება სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის მაქსიმალურად ეფექტური მიდგომების გამოყენება და პრევენციებზე მუშაობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.