მამუკა ბახტაძე - კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ “ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას მისი მმართველობის დროს რკინიგზის შემოსავლების კლებასთან დაკავშირებით.

„მე ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს, ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე. ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზეე და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. მაგრამ, საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას ამბობს მთავრობა, რომლისთვისაც მომგებიანია იმ 9 წელზე აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საუბრობთ. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც გაქვთ. და ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას – კომპანია “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მესმის, რომ ის 30-მილიონიანი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.